ქართული ოცნების თავმჯდომარე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავს.
ირაკლი კობახიძე გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოში საია-ს მიერ შეტანილ სარჩელს, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
სარჩელში საია განმარტავს, რომ მცირერიცხოვან ოლქებში ამომრჩეველთა ხმას მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით მაღალი წონა აქვს, რაც საარჩევნო და თანასწორობის უფლებას არღვევს.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი სარჩელი 2016 წელს ენმ-მ თავად შეიტანა "რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით".
"შემაშფოთებელია, რომ რაც ენმ-მ 5 წლის წინ ღიად გააკეთა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით კეთდება.
არჩევნებამდე 2 კვირით ადრე არჩევნებისთვის პრობლემების შექმნას ახალი აბსურდული სარჩელით გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს.
როცა 3 თვის წინ ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ კანონზე, არც მიღების პროცესში და არც 3 თვის შემდეგ არაფერს ამბობ და შემდეგ ამ კანონს ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში აპროტესტებ, ეს სარჩელის უკან მდგარ უაღრესად მანკიერ პოლიტიკურ მოტივზე, ბუნებრივია, თავისთავად მეტყველებს". - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.